შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში პროფესიული დღე აღინიშნა. დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
გიორგი ალადაშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა:
„ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად პასუხიმგებლობაა ვუხელმძღვანელო ამ დანაყოფს. როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის, უმთავრესი პრიორიტეტია თანამშრომელთა სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესება“ - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
დეპარტამენტის დირექტორმა ხაზი გაუსვა ავტოპარკისა და პოლიციელთა აღჭურვილობის განახლების მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და დეპარტამენტის განვითარების სამომავლო გეგმებზე.
ღონისძიების დასასრულს, გიორგი ალადაშვილმა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა და მათ ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.